10 კანონი მეფუტკრეობის მეორე სამყაროდან.
მე მართლაც მისტიური კავშირი დავამყარე მეფუტკრეობის სულიერ არსთან და ეხლა ჩემთვის ყველაფერი შესაძლებელია. ზოგიერთი თქვენგანი, ამ საქმეში დაბერებულნი, ალბათ ამ განცხადებას შეეწინააღმდეგებით, მაგრამ დარწმუნებული ვარ , თქვენი უმრავლესობა მეფუტკრეობის აზრზე არა ხართ. უმრავლესობა გაღიზიანდება ჩემი ასეთი ქედმაღლობით, მაგრამ ჯობია თავი შეიკავოთ. ეს არ არის ქედმაღლობა, ეს გახლავთ ჩემი მორჩილი თავმდაბლობა. მე შევეცდები განგანათლოთ, მაგრამ არ გამოვიყენებ ტექნიკას, რომელსაც ხმარობენ დიდოსტატები: ანუ, არ ასწავლიან შეგირდებს ყველაზე მთავარ საიდუმლოს.
ეს გახლავთ თვითდამამდაბლებელი ხუმრობა, მე არა ვარ დიდოსტატი. მე დიდოსტატების ანტიკურობას ცინიზმით ვუყურებ. მე ვარ მეფუტკრე 40 წლიანი გამოცდილებით და შემიძლია აგიხსნათ , რა არის არასწორი თქვენს საქმიანობაში.
მეფუტკრეობის დიდი მამები, დიდებული კაცები, რომლებმაც ჩამოაყალიბეს თანამედროვე მეფუტკრეობის პრინციპები, ლანგსთროტი, დადანი, რუტი …. რატომ იყვნენ ისინი უკიდურესად წარმატებულები? პასუხი მარტივია: რადგანაც ისინი აზრზე არ იყვნენ რას აკეთებდნენ. ისინი ჭრიდნენ და კერავდნენ ისე როგორც უნდოდათ რომ საქმე წარმართულიყო. ეს არის შემოქმედობითობის პრინციპი და ეს მუშაობს. როდესაც სტანდარტები შეიმუშავეს და ჩამოაყალიბეს, ნახაზები და სქემები და პროცედურები აღწერეს წიგნებში, ჩვენ მივიღეთ გამზადებული მოდელი, თუ როგორ ვიმოქმედოთ და ჩვენ მას ვერ გადაუხვევთ. ყველაფერი რაც მოდის პირველების შემდგომ არის მეორეული, ნაკლები მნიშვნელობის და ვერასოდეს გაუტოლდება პირველადს. იმისთვის რომ ჩვენ გადავწყვიტოთ უდიდესი პრობლემები და ვიყოთ წარმატებულები, ჩვენ უნდა გავხდეთ პირველები, ისეთები როგორიც ზემოთ ნახსენები დიდი მეფუტკრეები იყვნენ და განვიხილოთ მეფუტკრეობის ყველა ასპექტი ახალი ხედვით.
რაც უფრო მეტს ვსწავლობდი მეფუტკრეობაში, მით ნაკლები ვიცოდი, სანამ ბოლოს არ მივხვდი რომ არაფერი გამეგება. მაგრამ მაშინაც კი როდესაც მივხვდი რომ არაფერი გამეგება, მე ძალზე ბევრი ცოდნა მქონდა დასავიწყებელი. რადგან ჩვენ ვერასოდეს, დიახ ვერასოდეს გავიმეორებთ ისტორიის და სახელმძღვანელოების იდეალებს. როგორ ახერხებდა და უვლიდა ლანგსთროტი თავის დიდ საფუტკრეს სპეციალური იარაღების გარეშე? მაშინ როცა ის სრულებით დაუძლურებული გახლდათ მრავალი თვეების მანძილზე? როგორ ახერხებდა ის ამას? პასუხი მარტივია. ის აფრენდა. ვინც აფრენს, საოცრებებს ჩადის, რადგან სიგიჟის მეორე მხარე გენიალურობაა.
მე თავიდანვე დავრწმუნდი, რომ თუ ლიტერატურაში დაწერილ წესებს მივყვებოდი, არაფერი გამომივიდოდა. და თუ წინასწარ ხვდები ამას განა აირჩევ წარუმატებელ გზას? მაგრამ დიდი დრო დამჭირდა რომ ყველაფერი გამეაზრებინა. მე დავიწყე ისე, როგორც ყველა იწყებს, მთელი არსებით ვცდილობდი მეკეთებინა საქმე სახელმძღვანელო წიგნების მიხედვით და თანახმად.
20 წელიწადი დამჭირდა რომ მომეკრიბა გამბედაობა და გამეყიდა ჩემი ციბრუტი, მაშინ როცა ამ ციბრუტის შესაძენად 10 წელი ვაგროვებდი ფულს და ფურგონიან მანქანასთან ერთად ვიყიდე, რომელიც მცირე თაფლის საწური ოთახის მაგივრობასაც მიწევდა. რა სულელი ვიყავი მაშინ. მე მეგონა მთავარი თაფლი იყო. მე შევისწავლე ყველა სახელმძღვანელო, რომელიც იშოვებოდა და განსაკუთრებით ორმანდის წიგნი, და განსაკუთრებით თავი, რომელშიც ის ამბობს; თაფლი არის ფული. მაგრამ სწორად გამიგეთ, მე პატივს ვცემ ორმანდს, ის ჩემი მეგობარია. ის აღიარებული დიდოსტატია, მეფუტკრე მესამე თაობაში, ორი დიდებული წიგნის ავტორი მეფუტკრეობაზე, გინესის წიგნის რეკორდსმენი ერთდედიანი სკიდან ერთ სეზონზე მოწეული თაფლის ოდენობის მიხედვით. რეკორდი, რომელიც 1957–1963 წლებში მოუხსნელი იყო და რომელიც მრავალდედიანი მოღალე ოჯახის საშუალებით მოიხსნა. ორმანდის ერთდედიანი ოჯახის მიერ მიღწეულ რეკორდს სერიოზული კონკურენტი არც გამოსჩენია. მაგრამ, ის შეეშვა მეფუტკრეობას. მოხდა წარმოუდგენელი რამ და ეს არ მოხდა მისი სიბერის გამო. ის მართლაც ძალზე მოხუცია, მაგრამ მუშაობს სადურგლო საამქროში. უბრალოდ მოხდა ისე , რომ ტკიპებმა მისი საფუტკრე გაანადგურეს.
ორმანდი წესებით თამაშობდა. შეიძინა მიტიციდი და მიჰყვა ინსტრუქციას. მეც შევიძინე წამლები, მაგრამ როდესაც გავხსენი და ჯერ კიდე ჰერმეტულად შეფუთული ჩავიდე პირში და ჩავღეჭე გემოს გასაგებად, შხამის ტოქსიკური გემო ჰქონდა, და მე ის აღარ მიხმარია. შედეგად ჩემი ფუტკრები დაიხოცნენ. მაგრამ ორმანდის ფუტკრებიც დაიხოცნენ. ჩვენ გვესმოდა ამბები მთელი ქვეყნიდან, რომ ეს წამალი არ მოქმედებს, მაგრამ ”ისინი” დაჟინებით გვირჩევდნენ რომ წამალი გვეხმარა. მოკლედ წამალს თუ არ ვხმარობდით ჩვენ გვქონდა პრობლემა, მაგრამ პრობლება ჰქონდათ მათაც ვინც წამალს ხმარობდა, ფუტკრის ოჯახები იხოცებოდნენ. წლიდან წლამდე მე არ ვხმარობდი წამალს, გაზაფხულზე ვიწყებდი ახალი ოჯახით , და შემოდგომაზე ან ადრე ზამთარში, ისინი კვდებოდნენ. მე თავს არ ვანებებდი მხოლოდ იმიტომ, რომ უფუტკრებოდ აღარ შემეძლო. მერე მალევე გავიგეთ რომ მიტიციდი აიკრძალა სკანდინავიაში.
ორმანდი შინაგან ხმას უსმენს, მე კი შინაგან იმპულსს ვეხმაურები. მე სრულებითაც არა ვარ ფუტკრებთან დეტალური შრომის მოწინააღმდეგე. ბოლოს და ბოლოს მე დავწერე და დღესაც გამოვცემ ათიოდე წიგნს მეფუტკრეობაზე. ყოველი წიგნი უამრავჯერ გადავასწორე და ეხლაც ვმუშაობ მათზე, მაგრამ პირველი დღიდანვე გულმა რეჩხი მიყო ფიჭების საკითხთან დაკავშირებით. ჩემი შინაგანი იმპულსი ძალზე ცხადად მიბიძგებდა, რომ მე არ უნდა მიმეცა ფუტკრებისთვის ფიჭების ასაშენებლად განკუთვნილი ნაბეჭდი ცვილის ფირფიტები. მე ცვილის ფირფიტებს მრავალი წელი, ძალზე დახვეწილად ვიყენებდი, მაშინაც კი, როდესაც უკვე არაორაზროვნად და საბოლოოდ განვეწყვე მისი გამოყენების წინააღმდეგ.
შემდეგ გადავედი საკუთარი კონსტრუქციის უცვილისფირფიტო ჩარჩოებზე. ვამზადებდი ხელით, ორმანდის დახმარებით, რადგან ის ეთანხმებოდა ჩემ აზრს და ჩარჩოებს მსოფლიოს მასშტაბით ვყიდდით, რამდენიმე წელი, სანამ ხის მასალა არ გაძვირდა ორმაგად, მერე სამმაგად და ხის დაუმუშავებელი მასალა უფრო ძვირი დამიჯდა ვიდრე ვყიდდი საბოლოო პროდუქტს – ჩარჩოებს. ამ ბიზნესს შევეშვი.
მასობრივი პროდუქცია, ეს არის დამანგრეველი პროცესი მეფუტკრეობაში. თანამედროვე მეფუტკრეობის დიდმა პიონერებმა დიდი იმპერიები შექმნეს, თუმცაღა არ იცოდნენ რას აკეთებდნენ. მამოძრავებელ ძალა იყო და არის : თუ როგორ მივიღო მაქსიმუმი მოგება, მინიმალური რესურსების დახარჯვით. ეს დიდი კაცები აზრზეც არ იყვნენ რომ ბებერი სულელები არიან და რომ მათი პრინციპები უნივერსალურად დამღუპველი გახდებოდა დარგისთვის.
მაგალითისთვის მამალი ფუტკრების ამბავიც კმარა. ისინი ამბობდნენ რომ რადგანაც საკმარისია სულ რამდენიმე მამალი, დედა ფუტკრის გასანაყოფიერებლად, ასობით და ხშირად ათასობით მამლის შენახვა ოჯახის მიერ ხარჯიანია და გაუმართლებელი. ამიტომ “განათლებული ტვინები” მივიდნენ დასკვნამდე რომ მთელი ცვილის ფირფიტაზე ერთნაირი ზომის სამუშე უჯრედები უნდა იყოს დაბეჭდილი, რაც გაუძნელებს ფუტკარს სამამლე უჯრედების მშენებლობას და სამამლეებს დაიყვანს მინიმუმზე. ამის მერე დაიწყო ომი ფუტკრის ოჯახს, რომელიც ცდილობს ბუნებრივი ინსტინქტით მამლების გამოზრდას, და მეფუტკრეებს შორის, რომლებიც ხელს უშლიან ოჯახს ამ საქმეში. მაგრამ ამ პირობებშიც როცა ფუტკარს სამშენებლოდ წინასწარ განსაზღვრული მუშა ფუტკრის უჯრედის ასაშენებელი ფირფიტა ეძლევა, ის ცდილობს და პოულობს გამოსავალს სამამლე უჯრების სამშენებლოდ ფიჭებს შორის სივრცეების გადაერთებით და სამუშე უჯრედების ზომის გადაკეთებით და მამლებს იქ ზრდის. ადამიანის გონიერებამ და ტექნოლოგიამ იმძლავრა და მამლების რიცხოვნობამ დაიკლო, თაფლის გამოსავალი გაიზარდა, და ამ პრაქტიკამ ბრწყინვალე შეფასება მიიღო. საბოლოოდ სამუშე ზომის უჯრედებიანი სამშენებლო ფირფიტები ინდუსტრიის უეჭველ და უდავო სტანდარტად იქცა.
პრობლემა იმაშია რომ ვაროა უპირატესობას ანიჭებს სამამლე ბარტყს. და როდესაც სამამლეების ნაკლებობაა, ამ ბინძურ და დამპალ პარაზიტს სხვა არჩევანი არა აქვს გარდა რომ შევიდეს მუშა ფუტკრის უჯრედში. სამამლე ბარტყის გამოყენება ვაროას ტკიპის მისაზიდად და მოსასპობად იქცა ურყევ ტრადიციად ევროპულ და სხვა ქვეყნებში, მაგრამ ის ძალზე შრომატევადია შეერთებული შტატებისთვის. ზოგმა ჭკვიანმა მეწარმემ დაიწყო სამამლე უჯრედების ზომიანი სამშენებლო ფირფიტების წარმოება, მაგრამ ამან გასაღება ვერ ჰპოვა. სამუშაო ეთიკა შტატებში ესეთია: აკეთე მინიმალური მოცულობის სამუშაო, რაც ნიშნავს: იმდენი , რამდენიც საკმარისია რომ სამსახურიდან არ გაგაგდონ.
თუ ჩემს სიტყვებში სიძულვილია, ეს იმიტომ რომ შემძულდა. როდესაც ყველაფერი რაც ისწავლე არასწორია, ან უნდა შეცვალო ყველაფერი ან მიყვე როგორც არის. მე ვლოცულობ რომ მომეცეს ამ ყველაფრის შეცვლის სიმხნევე. იმის მიუხედავად რომ მე უკვე დავბერდი, მესმის ფასი მტკიცე ჩვეულებად ქცეული წესებისგან განთავისუფლებისა.
მიუხედავად იმისა რომ პირველი დღიდანვე არ მომწონდა სამშენებლო ცვილის ფირფიტების მიცემის პრაქტიკა, მრავალი წელი დამჭირდა იმისთვის რომ მომეკრიბა გამბედაობა და უარი მეთქვა მის გამოყენებაზე. და კიდევ მრავალი წელი ამის შემდეგ, რომ უარი მეთქვა ციბრუტით თაფლის წურვის მავნე ჩვევაზე და მრავალწლიან მცდელობაზე, რომ მიმეღო ციბრუტით გამოწურვისთვის აუცილებელი სწორი ფორმის ფიჭები.
ხალხო გაიგეთ, ბუნებაში სწორი ხაზები არ არსებობს. ბუნება არ ითავსებს სიმეტრიას. რა თქმა უნდა საგნები გამოიყურებიან როგორც სიმეტრიულები, მაგრამ ისინი არასოდეს არიან სიმეტრიულნი, ამის შესამჩნევად ოდნავ მეტი დაკვირვებულობაც კმარა. სიმეტრია ეს არის ადამიანის აღქმა, ილუზია, სურვილი და ვნება , თუ გნებავთ, მაგრამ არა რეალობა. ზედაპირულ ხედვას მივყავართ საგნების იდეალიზაციამდე და შემდეგ სიმეტრიული შტრიხების სტანდარტიზაციამდე, რაც სინამდვილეში ქმნის პრობლემას.
როდესაც ჩემი საფუტკრე განადგურების გზას დაადგა, საბედნიეროდ საკმაოდ გონიერი აღმოვჩნდი რომ შემეცვალა ბიზნესის ორიენტაცია და ველური ფუტკრის და ბზიკის ოჯახების მოცილების საქმე დავიწყე. მე ვაცილებდი ველურ ფუტკრებს და ბზიკის კოლონიებს მოსახლეობისთვის არასასურველი ადგილებიდან. ამ საქმემ წლების მანძილზე საშუალება მომცა შემესწავლა ველურ პირობებში ფუტკრის არსებობის უამრავი შემთხვევა და მე რამდენიმე მნიშვნელოვანი რამ გავიგე ფუტკრებზე და ასევე საკუთარ თავზეც. ერთი უდიდესი აღმოჩენა იყო ის, რომ იყო რაღაც უცნაური თვისება ჩადებული ჩემს თავში, ყოველთვის მეძებნა სწორი, გეომეტრიულად მოწესრიგებული ხაზები. და მე მივხვდი, ეს იყო ფსიქიკური ნაკლოვანება, რაც ჩემი მასწავლებლებისგან გადმომეცა. ხაზგასმით ვიმეორებ: თქვენ ვერასოდეს იპოვნით სწორი ფორმის ფიჭას ბუნებაში. კიდევ ვიმეორებ – ვერასოდეს. ეს ფაქტი კი უდაოდ, ვიღაცისთვის რაღაცაზე მეტყველებს.
ჩარლზ მართინ საიმონის წაღმართი მეფუტკრეობის 10 კანონი:
კანონი #1: ითანამშრომლე ბუნებასთან, და ნუ მოქმედებ მის წინააღმდეგ.
კანონი #2: მოგებას მნიშვნელობა აღარ აქვს, როდესაც მკვდარი ხარ.
დიდმა მამებმა განსაზღვრეს: ზომით დიდი ფუტკრები მეტ თაფლს აკეთებენ. რაც უფრო დიდია ფუტკარი, მით მეტ ნექტარს და მტვერს მოიტანს. რაც უფრო დიდია ფიჭის უჯრედი, მით მეტ შიგთავსს დაიტევს. და ასე შემდეგ. და მათ გაზარდეს მუშა ფუტკრის უჯრედის ზომა და ეს იქცა ნორმად.
კანონი #3: მკვდარი ფუტკრები თაფლს არ აკეთებენ.
ანატომიურად ზომაზე დიდი ფუტკრები არიან მეტაბოლურად უფრო ნელი ფუტკრები ადვილად ავადდებიან და ნაკლებ წინააღმდეგობას უწევენ მავნებლებს. დაავადებათა რიცხვი მატულობს. საწარმოო კონვეირში ჩაყენებული ფუტკარი არის ავადმყოფი ფუტკარი.
შეხებამ ველური ფუტკრის ოჯახებთან ძალზე გამიღრმავა სიმპათია მათ მიმართ და პირიქით უარყოფითად განმაწყო იმ მეფუტკრეობის მიმართ, რომელსაც ჩვენ ვაწარმოებთ.
მე მივხვდი რომ შევეშვი მეფუტკრეობას, ისეთს როგორიც ჩვენ ვიცით, როდესაც წავიკითხე პუბლიკაცია დიდი სამეცნიერო აღმოჩენის, ”კონსტიტუტიური გენის” შესახებ (housekeeping gene) ფუტკრის გადარჩენის ასპექტში, ვაროასთან მიმართებაში. ეს იყო მომენტი როცა ეჭვი დამებადა და მე მივხვდი რომ ჩვენი ინდუსტრია იმართება გიჟების მიერ. ისინი გააგიჟა სიკვდილის შიშმა და დაკარგეს წინააღმდეგობის გაწევის უნარი. საყვარელი ფუტკრების დაღუპვის შიშმა, საყვარელი ინდუსტრიის დაღუპვის შიშმა, დაბოლოს საკუთარი დაღუპვის შიშმა.
აზიური ფუტკარი რომელიც არის ვაროას ტკიპის ისტორიული მატარებელი და რომელიც ამ ტკიპასთან ერთად არსებობს უხსოვარი დროიდან, ბუდეს იკეთებს ღია სივრცეში და თავისუფლად ჩამოკიდებულია ხის ტოტზე ან კლდეზე. ეს ნიშნავს რომ როდესაც ტკიპა წყდება და ვარდება ქვევით, ის იკარგება სამუდამოდა და არა აქვს საშუალება უკან დაბრუნდეს, როგორც ეს სკაში ხდება. ამის გარდა აზიური ფუტკრის ბარტყი ნაკლებ დროს ატარებს გადაბეჭდილ უჯრედში, რაც აგრეთვე ტკიპას ნაკლებ დროს აძლევს გამრავლება-განვითარებისთვის. აი ეს გახლავთ გადამწყვეტი ფაქტორები და არა ”კონსტიტუტიური გენი” და ნუ მიაქცევთ დიდ ყურადღებას რას ამტკიცებენ ”მეცნიერები”. მე არ გეუბნებით რომ ეს გენი არ არსებობს, მე ვამბობ რომ ეჭვი მეპარება მის ინტერპრეტაციაში, ისევე როგორც ეჭვი მეპარება მეცნიერთა მიერ ფუტკრის ცეკვის ინტერპრეტაციაში. ტრადიციული ინტერპრეტაცია ფუტკრის ცეკვისა კატეგორიულად ინგრევა ერთი უბრალო ფაქტორის გათვალისწინებით: ადამიანი აკვირდება ფუტკრის ცეკვას ზევიდან. მოცეკვავე ფუტკარი და დამკვირვებელი ფუტკრები კი ურთიერთობენ პირისპირ ერთ სიბრტყეში. ის რასაც აღიქვამს დამკვირვებელი ადამიანი და ის რასაც აღიქვამს დამკვირვებელი ფუტკარი არის სრულიად სხვადასხვა რამ. მე ვადასტურებ რომ ფუტკარი ცეკვავს, მაგრამ ვამბობ რომ თავად ცეკვით ის არანაირ ინფორმაციას არ გადასცემს დამკვირვებელ ფუტკრებს. ეს არის აღზნებულობის გაზიარება-გადაცემა, და ეს ინფორმაციული ნაკადი, რომელიც მიუთითებს ნექტარის წყაროს ან სხვა რაიმე საგნის მდებარეობაზე, გაცილებით ღრმა არის ვიდრე უბრალო ცეკვა. ფუტკრის ოჯახი გახლავთ ძალზე დიდ ისტორიულ პერიოდში გამოვლენილი თაობათა ჯაჭვი, რომელიც ინტეგრირებულია გარემო ბუნებრივ სისტემასთან. აქ შემოქმედის ხელია გარეული, რომელსაც ადამიანური შეზღუდული გაგება უბრალოდ ვერ სწვდება.
Apis melliflera – ს დაკნინების მნიშვნელოვანი ფაქტორი აგრეთვე გახლავთ ქრონიკული ძალადობრივი ზემოქმედება მეფუტკრის მხრიდან, რომელიც აგრეთვე ”მეფუტკრეობის ხელოვნების” სახელითაა ცნობილი. ფუტკრის ოჯახებს, რომელთა ცხოვრებაშიც არ ერევიან, გააჩნიათ თვისობრივად განსხვავებული ასე ვთქვათ – თვითშემეცნება. ხოლო შინაური ფუტკრის ოჯახები განიცდიან სისტემატურ არევას. ოჯახი არის გაერთიანებული ”გონება”, როცა სკა იხსნება და ხდება მანიპულირება, აზროვნების პროცესი ირევა. როდესაც ხდება შებოლება, ფუტკრის ოჯახის ყურადღება სხვა საგნებზე გადადის. სტრესი კარგია მაგრამ სტრესი ცუდიცაა. სტრესს გააჩნია. ვარჯიში სტრესია. ზედმეტი დატვირთვაც სტრესია. ერთმა შემთხვევამ შეიძლება გაზარდოს თვითრეგულირება, მეორემ შეიძლება დაანგრიოს. ერთ შემთხვევაში სტრესის ეფექტი აღდგენადია, მეორეში არა. სხვადასხვა გარემოებების გათვალისწინებით, მრავალი ცვლადია ამ ამოცანაში.
დახელოვნების დონე რომლითაც მეფუტკრე ერევა ოჯახის ცხოვრებაში, არის გადამწყვეტი ფაქტორი ამ ოჯახის ბედიღბალში. ამ საქმის დიდოსტატი ისე ატარებს მანიპულაციებს, რომ ოჯახი ვერც ამჩნევს თუ რა ხდება მის თავს. ისინი ისე აგრძელებენ ჩვეულ ცხოვრებას და მუშაობას , თითქოს არც არაფერი შეცვლილა. მეფუტკრის ხარისხი, გამოცდილება, საზრიანობა და ხასიათის თავისებურება ძალზე მნიშვნელოვანია ამ საქმეში. ზოგიერთი მეფუტკრის მიახლოვებაც კი აღიზიანებს ფუტკრებს. ვაი იმ მეფუტკრეებს და მათ ფუტკრებს, როდესაც ისინი ანთებენ საბოლებელს და სახურავს ხდიან სკებს. მეფუტკრის ხელობა უნდა იყოს ლიცენზირებადი, ხოლო მე ვიყო ლიცენზიების გამცემი. ძალზე ცოტა მეფუტკრე იარსებებდა მაშინ. და კვლავ ხაზგასმით ავღნიშნავ: ეს არაა ქედმაღლობა, ესაა მორჩილება. რადგან მე ჭეშმარიტად შემტკივა გული თქვენთვის და თქვენი ფუტკრებისთვის.
კანონი #4: ნუ ებრძვი.
ეხლა როცა ვიხსენებ რამდენი წელი ვებრძოლე ჭიანჭველებს და რამდენნაირი ტექნიკა გამოვიყენე ამ საქმეში, აღარ ვიცი ვიტირო თუ ვიცინო. ამჟამად სამზარეულოში მიდგას თასით თაფლი და ასევე აქ მიდევს თაფლიანი ფიჭა. ირგვლივ უამრავი ჭიანჭველაა, მაგრამ თაფლს არ ეკარებიან. ეს როგორ მოხდა? უბრალოდ, მე მათ აღარ ვებრძვი, მე მათ ვკვებავ. იქვე მიდევს პატარა ფიალა თაფლით მათთვის, სადაც ყოველთვის შეუძლიათ აიღონ რამდენიც უნდათ. თავიდან დაეძალნენ, მაგრამ მერე დაკარგეს ინტერესი. სავარაუდოდ თავის მოთხოვნილება დაიკმაყოფილეს და მეტი მათ აღარ სჭირდებათ.
კანონი #5: მეფუტკრეობაში თაფლი მთავარი არაა.
კანონი #6: მეფუტკრეობაში მთავარი არ არის მოგება და ფული.
კანონი #7: მეფუტკრეობაში მთავარია გადარჩენა.
სინამდვილეში აქ გადარჩენაზეც არ არის ლაპარაკი არამედ ცხოვრების ხარისხზე, სანამ ცოცხალი ხარ. შეეცადე მაქსიმალურად გაუუმჯობესო ფუტკრებს არსებობის პირობები და შენთვისაც მაქსიმალურად საუკეთესო შედეგები იქნება. შეწყვიტე ფიქრი სტილში: ’’ მაქსიმალური პროდუქცია”. ნაკლები ვიდრე იყო, უმჯობესია, ვიდრე სულ არაფერი. ისწავლე თუ როგორ არ ჩაერიო ოჯახის ცხოვრებაში. მიეცი ოჯახს სამყოფი სიცარიელე. სტანდარტული სკები, თუ ისინი ხარისხიანია, მისაღები საცხოვრისია ფუტკრის ოჯახისთვის, მაგრამ არასოდეს იხმარო ცვილის სამშენებლო ფირფიტები.
გარდა იმისა რომ სამშენებლო ცვილის ფირფიტაზე დიდი ზომის უჯრედებია და ისინი ყველა ერთი ზომისაა, მას აქვს სხვა ნაკლოვანებაც, ის დაბინძურებულია. მხოლოდ ძველი, მრავალჯერ ნახმარი ფიჭები მიდის გადადნობაზე, რომელსაც შეთვისებული აქვს პესტიციდები და სხვა წამლები, რომლებსაც ფუტკრისთვის ხმარობდნენ, მას ერევა სტეარინი და მსგავსი ქიმიური მინარევები. თქვენ შეგიძლიათ იხმაროთ ჩარჩოები, ჩარჩოები აადვილებს მანიპულაციების ჩატარებას. მაგრამ სინამდვილეში მხოლოდ ჩარჩოს ზედა ძელაკიც საკმარისია, ყოველ შემთხვევაში ბუდის ქვედა განყოფილებისთვის.ზედა სართულზე კი დაგჭირდებათ სრული ჩარჩო, რათა ფუტკრებმა ფიჭა ბოლომდე არ ჩააშენონ და ქვედა და ზედა სექციები არ გადააერთონ.
ამ მომენტისთვის როცა ამ ტექსტს ვწერ (2000 წლის დეკემბერი) მე 15 ოჯახი მყავს, მაშინ როცა მრავალი წელია, წლის ამ დროისთვის ყველა იხოცებოდა. როგორ მოვახერხე ეს? არ ვიცი, და პასუხიც ესაა. წლიდან წლამდე ვცდილობდი შემექმნა მაქსიმალურად ის პირობები რაც ველურ ბუნებაში აქვთ, ძირითადში მათ ცხოვრებაში არ ვერეოდი, ვიღებდი ცოტა თაფლს, მტვერს და დინდგელს, მაგრამ ამას ვაკეთებდი ”არ შეაწუხო” პრინციპით. მე იმედი მაქვს რომ ისინი გაიხარებენ და ამ დროს არაფერს ველოდები მათგან. თუ კარგად ვითარდებიან, მაღაზიებს ვადგავ, თუ თაფლს ბევრს მოიტანენ, ცოტას ვართმევ. როდესაც მაღაზიის ფიჭები დაგრეხილია და გადაერთებული სხვადასხვა ჩარჩოებზე, ცალმხარეს გამტარ ტიხარს ვუდგამ, ქვევით ჩადიან და ზევით ვეღარ ამოდიან. შემდეგ ვაცილებ მაღაზიას, ვამტვრევ ფიჭებს და ვწურავ ნაჩვრეტებიან პლასტმასის სათლების სისტემაში. ბევრს ისე ვტოვებ, ფიჭიანად რომ მივირთვა. ასეთ ველურ ფიჭებს განუმეორებელი გემო და არომატი აქვს.
ამ ბოლო წლებში ძალზე შეზღუდულად ვხარჯავ ფულს ინვენტარში, ვაროას სიტუაციიდან გამომდინარე. და მე შემომრჩა ძველი ინვენტარი, რომელიც სხვა მეფუტკრეებმა დიდი ხანია გადაყარეს. რაც უფრო ძველდება ეს ინვენტარი, მით მეტად მომწონს.
ამ სეზონზე, თბილი თვეების დადგომისთანავე ვგეგმავ სკები მაღალ ფეხებზე შევაყენო და ძირები მოვაცილო. ასევე დავამზადო ვაროას დამჭერი ძირები.
კანონი #8: დაივიწყე ყველაფერი, რაც ოდესმე გისწავლია და დაიწყე დაკვირვება, თუ რა ხდება ამ მომენტში.
პირველი არასწორი რამ რაც მასწავლეს, ეს იყო აკურატული ჩანაწერების გაკეთება. მაგრამ მე მივხვდი რომ აკურატული ჩანაწერები ყველაზე კარგ შემთხვევაში გაუგებრობის წყაროა. როდესაც მიმართავ ძველ ჩანაწერებს, იმისთვის რომ ნახო მოცემული დროისთვის რა მოვლენები ხდებოდა, ვერ მიიღებ ინფორმაციას ფუტკრის ოჯახის რეალურ მდგომარეობაზე ამჟამად. ინფორმაციის დონე , რომელიც კატალოგიზირებულია, არ არის სასიცოცხლოდ აუცილებელი, და არანაირ კავშირში არაა იმასთან რაც ეხლა ხდება, და ხელს გიშლის მიმდინარე მდგომარეობის შეფასებაში. უფრო მეტიც, რაც უფრო ძლიერ ცდილობ შეინარჩუნო ოჯახები, მით მალე იღუპებიან. ნუ დაჰკარგავთ ფუტკრებს, მიეცით მათ თავისუფლება, თავისუფლება იცოცხლონ, ისე როგორც თავისუფლება დაიღუპონ. შედეგად, მათი მდგომარეობა გაუმჯობესდება.
კანონი #9: ნუ აურევთ ფუტკრებს ცხოვრებას.
კანონი #10: ნუ ამირევთ მე ცხოვრებას.
რათქმაუნდა, მე ვაფრენ, და მე ვამაყობ ამით.
ჩარლს მართინ საიმონი. Bee Culture – July, 2001.